საქართველო წმიდა ნინოს ცხოვრება - 19 სექტემბერში 2011 - მართმადიდებლური ფორუმი




მენიუ

†ფილმები†
†ვიდეოები†
†ისტორია†
†რელიგია†
†კულტურა†
† ხატები და ფრესკები†
†ჩვენი პატრიარქი†
†ქართული სპორტი†
†ქართველი პოეტები†
†ტაძრები და მონასტრები†
†მამათა გამონათქვამები†
†ქადაგებები†
†ქართული  მუსიკა†
საქართველოს ბუნება
†საგალობლები†
†წმიდა წერილი†
†ლოცვანი†
†ღვთისმეტყველება†
†სულიერი სწავლებანი†
†საეკლესიო კალენდარი†
†მარხვები†
†წმინდანთა ცხოვრება†
†დღესასწაულები†
†სასწაულები†
†გზა ტაძრისაკენ†
†წმიდა სინოდი†
†გამონათქვამები†
†სხვადასხვა†


შესვლის ფორმა


ძებნა


ONLINE TV
         



ხატები

        წმინდა გიორგი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიტრიხერუსა ანუ სამხელიანი


ჩვენი გამოკითხვა
დადიხართ ტაძარში?
სულ ხმები : 130


FaCeBooK


საიტის მეგობრები
 




     

«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930


სტატისტიკა
ამჟამად საიტზეა:
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ავტორიზირებულია:



.......

Page Ranking Tool






 2011 » სექტემბერი » 19 » წმიდა ნინოს ცხოვრება
11:50 PM
წმიდა ნინოს ცხოვრება
წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა - ზაბულონი, კეთილმორწმუნე და დიდგვაროვანი კაცი, იმპერატორ მაქსიმიანესთან მსახურებისთვის კაბადოკიიდან რომში წავიდა. ახოვანი და ბრძოლებში განთქმული ზაბულონი იმპერატორმა მალე მხედართმთავრად დაადგინა. სამშობლოში დიდძალი ძღვენით დაბრუნებულმა ზაბულონმა გადაწყვიტა, იერუსალიმში წასულიყო, მოელოცა წმიდა ადგილები და თავისი სიმდიდრე იქაური გლახაკებისთვის დაერიგებინა. იერუსალიმში იგი პატრიარქ იუბენალს დაუახლოვდა. ბავშვობაში დაობლებულმა იუბენალმა და მისმა დამ - სოსანამ გაყიდეს მშობლების ქონება, დატოვეს თავისი სამშობლო - კაბადოკია და იერუსალიმში მაცხოვრის საფლავს ემსახურებოდნენ. კეთილად ქცევისა და წესიერებისთვის პატივითი-პატივად აღყვანილი იუბენალი პატრიარქობამდე მიიწია, ხოლო სოსანა - მაცხოვრის საფლავის მომვლელ წარჩინებულ ქალს - სარა ბეთლემელს მორჩილებდა. სწორედ მისი რჩევით მიათხოვა პატრიარქმა სოსანა ვაჟკაცობით, სიბრძნითა და ღვთისმოშიშებით განთქმულ ზაბულონს და ახალშეუღლებულნი კაბადოკიაში გააგზავნა. ამათგან იშვა წმიდა ნინო - „ხეთა კეთილთაგან ნაყოფი კეთილი". 
თორმეტი წლის რომ შესრულდა წმიდა ნინო, მისმა მშობლებმა გაყიდეს მთელი ქონება, თავის ასულთან ერთად იერუსალიმში წავიდნენ და მონაგები იქაურ გლახაკებს გაუნაწილეს. 
საღმრთო შურით აღძრული ზაბულონი ცრემლებით გამოეთხოვა შვილს და მოუწოდა, სამარადისოდ დაენერგა გულში ღვთის შიში და სიყვარული და მენელსაცხებლე დედებისა და ლაზარეს დებისთვის მიებაძა. უკანასკნელად ეამბორა მას და ამა სოფელს განშორებული იორდანის მიღმა უდაბნოში განმარტოვდა. პატრიარქმა სოსანა, მისივე სურვილისამებრ, უძლური დედების მომვლელად განაწესა, ხოლო წმიდა ნინო სარა ბეთლემელს მისცა აღსაზრდელად.ამ ღვთისმოშიშმა ქალმა ზედმიწევნით იცოდა ძველი და ახალი სჯული და წმიდა ნინო ყველაფერში კეთილად განსწავლა. წმიდანმა მისგან ისიც შეიტყო, რომ მაცხოვრის კვართი წარმართთა სამეუფო ქალაქ მცხეთაში იყო დაკრძალული. ერთხელ, როდესაც წმიდა ნინო ღვთისმშობლის ხატთან ლოცულობდა, საღმრთო ძალით ღვთისმშობლის სენაკთან იქნა აღტაცებული. მას ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა: „აჰა, წარგგზავნი ჩემს წილხვდომილ ჩრდილოეთის ქვეყანაში, საქართველოში. წადი სიმხნით და უშიშად და მის მკვიდრთ ჭეშმარიტება უქადაგე". 
შეძრწუნებულმა წმიდანმა მიუგო: „დედოფალო, როგორ შევძლებ ამას სუსტი და უსწავლელი დედაკაცი?" ნიშნად და წინამძღვრად მაშინ ღვთისმშობელმა მოკვეთა იქვე ამოსული ვაზის რტო, რომლისგანაც ჯვარი შექმნა, მისცა და უთხრა: „ამით დაძლევ ეშმაკის ყველა მანქანებასა და წარმართავ ქადაგებას, ხოლო მე შეგეწევი და არ დაგტოვებ".ჩვენების შემდგომ წმიდა ნინომ იხილა, რომ ხელში ვაზის ჯვარი ეპყრა და შეძრწუნებულმა ადიდა უფალი და ღვთისმშობელი. მან პატრიარქს მოუთხრო ყოველივე ეს და ამ სასწაულის ნიშანი - ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ჯვარი აჩვენა.მალე ეფესოდან ერთი წარჩინებული ქალი მივიდა მაცხოვრის საფლავის მოსალოცად. როდესაც სახლში დაბრუნება დააპირა, წმიდა ნინომ პატრიარქს სთხოვა, მისთვის გაეყოლებინა იქ, სადაც უფალმა მოუწოდა. პატრიარქმა აღსავლის კართან დააყენა დისშვილი, აკურთხა და უფალს შეავედრა. 
ეფესოში ჩასული წმიდა ნინო ერთ წარჩინებულ ქალს - რიფსიმეს შეხვდა, რომელიც მისი სწავლების შემდგომ თავის გამზრდელ გაიანესა და სახლეულთან - ორმოცდაათ ქალწულთან ერთად მოინათლა. წმიდანი ორი წელიწადი ცხოვრობდა მათთან. ამ დროს ქრისტიანთა სასტიკმა მდევნელმა დიოკლიტიანემ მშვენიერი რიფსიმეს ცოლად შერთვა მოინდომა, რისთვისაც რიფსიმემ, მისმა სახლეულმა და გაიანემ საბერძნეთი დატოვეს. მათთან ერთად წამოვიდა წმიდა ნინოც. ლტოლვილებმა სომხეთამდე მიაღწიეს და თავი სამეფო ბაღს შეაფარეს. დიოკლიტიანეს ბრძანებით ისინი სომხეთის მეფემ თრდატმა მოძებნა და სასტიკად აწამა. 
ღვთის განგებით დაფარული წმიდა ნინო ხედავდა ანგელოზებს, რომელთაც დიდებით აჰყავდათ ზეცაში წმიდა მოწამეთა სულები. დავარდა მიწაზე და უფალს შეჰღაღადა: „უფალო ღმერთო ჩემო, ნუ დამტოვებ ასპიტთა და იქედნეთა შორის". ამის პასუხად ზეციურმა ხმამ მოუწოდა, აღმოსავლეთით წასულიყო და ის საქმე აღესრულებინა, რისთვისაც უფალმა დაიფარა. ზაფხულის დამდეგს წმიდა ნინო ჯავახეთის მთებით შემოვიდა საქართველოში. ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა: „ეს წერილი წარმართთა მეფეს მიართვი, რადგანაც აქ ამისთვის მოივლინე". წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი 
ჩვენების შემდეგ წმიდა ნინომ დიდხანს ილოცა. მხურვალედ შეევედრა ღვთისმშობელს და შემწეობა სთხოვა.ძნელი და ფიცხელი გზებით მიიწია ქართლის სანახებამდე და ქალაქ ურბნისში შეჩერდა. აქ უცხო ღმერთთა მსახური ხალხი იხილა, რომელნიც ცეცხლს, ქვასა და ხეს სცემდნენ თაყვანს. რადგანაც ებრაული ენა კარგად იცოდა, ებრაელთა სინაგოგაში მივიდა საცხოვრებლად და ქართველთა ზნე-ჩვეულებას აკვირდებოდა. 
ერთი თვის შემდეგ ურბნისიდან ურიცხვი ხალხი წავიდა მცხეთას სავაჭროდ და არმაზის კერპის თაყვანისსაცემად. მათ წმიდა ნინოც თან გაჰყვა. მცხეთაში მისული უყურებდა კერპთმსახურების საცდურით დაბნელებულ ხალხს და ტიროდა მათი ცდომილებისა და წარწყმედისათვის.მეორე დღეს დასცეს საყვირს და ყოველი კუთხიდან შეკრებილმა ხალხმა ფერადი სამოსლითა და ყვავილებით შეამკო მოედანი, სადაც მეფე-დედოფალს უნდა გაევლოთ. მალე მთები ხალხით აივსო. წმიდა ნინო მათ შეუერთდა და მთაზე ასულმა იხილა არმაზის კერპი, რომელსაც ტანთ ოქროს ჯაჭვი ემოსა, თავზე ოქროს ჩაფხუტი ედგა, თვალად ზურმუხტი და ბივრილი ჰქონდა და ხელთ ბრწყინვალე მახვილი ეპყრა, რომელიც ელვასავით ტრიალებდა, თუ ვინმე შეეხებოდა, თავს სასიკვდილოდ გაწირავდა, ამიტომ შიშითა და ძრწოლით მიეახლებოდა მას მეფე და ერი. მარჯვნივ მას ოქროს კაცი ედგა - გაცი, ხოლო მარცხნივ - ვერცხლისა, - გაიმი. ეს კერპები ღმერთებად მიაჩნდათ ქართველებს. 
იხილა რა მტრისგან დაბნელებული ერი, რომელიც ცოცხლივ შთაენთქა ჯოჯოხეთს, წმიდანი ატირდა, მცირედ მოშორდა იმ ადგილს და უფალს შეევედრა, გამოევლინა თავისი ძლიერება, რათა ხალხს ჭეშმარიტი ღმერთი ეცნო.ლოცვის დასრულებისთანავე ჭექა-ქუხილი ატყდა და საშინელი ქარი ამოვარდა. შეშინებული ხალხი სწრაფად განეშორა იქაურობას. უეცრად მოიწია რისხვის ღრუბელი, საკერპოს ლოდებივით ეკვეთა სეტყვა და სრულიად დალეწა და შემუსრა; სასტიკმა ქარმა დაარღვია საკერპოს ზღუდეები და კლდის ნაპრალებში ჩააბნია. კლდის მცირე საფარველქვეშ მდგომარე წმიდა ნინო ღმერთს ქებასა და მადლობას სწირავდა.როდესაც დამშვიდდა იქაურობა და ჰაერი გაიწმინდა, წმიდანმა ძველ ნაციხართან მდგარ აკაკის ხეზე ჯვარი გამოსახა და ღმერთს შეცდომილი ერის ხსნას ევედრებოდა. 
მეორე დღეს ძრწოლამ შეიპყრო მეფე და ერი, თავისი ღმერთების კვალსაც რომ ვერ მიაგნეს. გაკვირვებით უყურებდნენ ერთმანეთს და ამბობდნენ: ქალდეველთა ღმერთი ითრუჯანი მტერია ღვთისა ჩვენისა არმაზისა; როგორც სოფლისმპყრობელთა ჩვეულებაა, ერთმანეთს ებრძვიან და ეს ყველაფერი მის მიერ მოიწიაო.დედოფლის სეფექალმა შროშანამ ხესთან წმიდა ნინო დაინახა, მასთან ბერძნულად მეტყველი ქალი მიიყვანა და ვინაობა და იქ ყოფნის მიზეზი გამოჰკითხა. წმიდანმა ყველაფერი მოუთხრო, ოღონდ დაფარა, რომ განთქმული ოჯახის შვილი იყო და თავის თავს "ტყვე” უწოდა. შროშანას შეეცოდა უცხოობაში მყოფი ქალი და სასახლეში გაყოლა შესთავაზა. სამი დღის შემდეგ მცხეთაში ჩასული წმ. ნინო სამეფო ბაღში შევიდა. ბაღის მცველის მეუღლემ ანასტომ თბილად მიიღო, ფეხები დაბანა, ზეთი სცხო და დააპურა. ამ კეთილმა ოჯახმა ცხრა თვე შეიფარა წმიდა ნინო. ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყავდათ, რასაც ძალიან წუხდნენ. ერთ ღამეს წმიდანმა ნათლითმოსილი კაცი იხილა, რომელმაც ბაღში მიუთითა ადგილი, საიდანაც მიწა უნდა აეღო და მათთვის შესაჭმელად მიეცა (ამ ადგილას იდგა მშვენიერი კვიპაროსი, რომელიც საოცარ სურნელებას გამოსცემდა). წმიდა ნინოს ლოცვით მათ შვილები ეყოლათ და ამ სასწაულით ქრისტე ირწმუნეს. 
წმიდა ნინომ განმარტოებით ცხოვრება მოისურვა. სამეფო ბაღის მახლობლად, კარვის მსგავსად გარდართხმულ მაყვლოვანში დასახლდა, იქ აღმართა ვაზის ჯვარი და დღე-დაღამ ევედრებოდა უფალს წარწყმედული ერის მოქცევას.ექვსი წელიწადი იცხოვრა ფიცხელი მოღვაწეობით: ცრემლითა და მოუკლებელი ლოცვით. მისი საშვებელი მარხვა იყო, სამოსელი - უხეში ქსოვილისა, ხოლო განსასვენებელი სარეცელი - მიწაზე დაგებული ძაძა. იგი ნელ-ნელა თესავდა ქართველებში მაცხოვნებელი სარწმუნოების მარცვლებს და მისი მოწაფეების რიცხვი თანდათან იზრდებოდა.წმიდა ნინომ მრავალი უძლური მოარჩინა. მისი ლოცვით განიკურნა მძიმე სენით შეპყრობილი დედოფალი ნანა, რომელმაც ამ სასწაულით ირწმუნა ქრისტე. წმიდანის მოძღვრებით განათლებულმა დედოფალმა მირიანს აუწყა თავისი სასწაულებრივი განკურნება და ძალი ღმრთისა, რომელსაც უცხო დედაკაცი ქადაგებდა. გაკვირვებულმა მეფემ აბიათარისგან ძველი და ახალი სჯულის გამოძიება დაიწყო და სურვილი გაუჩნდა ქრისტიანობის მიღებისა. 
ერთხელ მირიანი მუხნარის მხარეს სანადიროდ წავიდა. კაცთა მოდგმის მტერმა ძველი კერპების სიყვარული გაუღვიძა და გადაწყვიტა, მახვილით მოესრა ქრისტიანები. მან მხლებლებს მიმართა: ჩვენ ღირსნი ვართ, რომ ბოროტება მოგვაწიონ ჩვენმა ღმერთებმა, რადგანაც შევწყვიტეთ მათი მსახურება და ჩვენს ქვეყანაში ქადაგების ნება გრძნეულ ქრისტიანებს მივეცით. მე განვიზრახე, რომ შევმუსრო ყველა ქრისტიანი და გულმოდგინედ ვემსახურო ჩემს ღმერთებს. თუ დედოფალი არ უარყოფს ქრისტეს, მასაც არ დავინდობო. მაშინ კაცთმოყვარე უფალმა პავლე მოციქულივით მოინადირა იგი და თხოთის მთაზე ასულს უეცრად თვალთ დაუბნელდა. მირიანმა სიარული ვეღარ შეძლო და შეძრწუნებული ერთ ადგილას შეჩერდა; მოუხმო არმაზს და ზადენს, მაგრამ არაფერი ეშველა. სასოწარკვეთილი მეფე ფიქრობდა: „ცოცხლივ ჯოჯოხეთში ვარ და არ ვიცი მთელი ქვეყანა დაიქცა თუ მხოლოდ ჩემს თავს მოიწია ეს ჭირი". როდესაც სიცოცხლის იმედი გადაუწყდა, უფალმა კეთილად შეცვალა მისი გონება და ხმამაღლა ღაღადყო: „თუ ჩემთვისაა მხოლოდ ეს ჭირი, ღმერთო ნინოსო, განმინათლე ბნელი, რათა ვადიდო შენი წმიდა სახელი". ეს თქვა თუ არა, სიბრმავისგან მყისვე განთავისუფლდა, მეფემ ხელები აღაპყრო და თქვა: „ჭეშმარიტად შენ ხარ ღმერთი ღმერთთა და უფალი უფლებათა, შენ აღგიარებ და შენ თაყვანისგცემ". 
სამეფო სასახლეში დაბრუნებული მირიანი წმიდა ნინოსთან მივიდა და ხმამაღლა აღიარა: „მრწამს ამიერიდან, მოციქულო ღვთისაო, რომ იგია ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც შენ ჰქადაგებ". შემდეგ სთხოვა, გამოესახა ეკლესია, რათა ღვთის სადიდებლად ტაძარი აეგოთ.მირიანმა ბრძანა, მის ბაღში მდგარი კვიპაროსი მოეჭრათ და ტაძრის სვეტად აღემართათ. ამ კვიპაროსთან წმიდა ნინომ მრავალი სასწაული მოახდინა და უფალმა მისი მოკვეთისას ინება დაფარული საიდუმლოს გაცხადება. 
როდესაც წმიდა ნინო მცხეთაში მოვიდა, იმ წელიწადს ებრაელთა მღვდელთმთავრობა აბიათარს ხვდა წილად. მან ანტიოქიაში მცხოვრები ებრაელი მღვდლებისაგან შემდეგი წერილი მიიღო: „ღმერთმა სამად განხეთქა ისრაელის მეფობა. ჩვენი წინასწარმეტყველნი დაცხრნენ. ყველაფერი აღესრულა და მთელ დედამიწაზე განვიბნიეთ. ჩვენი ქვეყანა რომაელებმა დაიპყრეს. ვტიროდით, რადგანაც შემოქმედი ღმერთი განვარისხეთ. შენ ნახე მოსეს წიგნები, სადაც წერია იმ კაცის სიკვდილზე, რომელიც თავის თავს ძე ღვთისას უწოდებდა. ნუთუ უკვე შევცდით იესო ნაზარეველის მოკვლით? - რადგანაც ვხედავთ, რომ როდესაც ჩვენი მამები შესცოდავდნენ და ღმერთს ივიწყებდნენ, უფალი მათ მძიმე ტყვეობით ტანჯავდა, ხოლო როდესაც ღვთისკენ სინანულით მოიქცეოდნენ, ჭირს მსწრაფლ მოაშორებდა. ახლა, როდესაც მათ ხელი შეახეს მწირი დედაკაცის ძეს და მოკლეს იგი, უფალმა წყალობის ხელი აიღო ჩვენგან და დაარღვია ჩვენი სამეფო. თავის წმიდა ტაძარს მოგვაშორა და ჩვენი მოდგმა სრულიად უგულებელსყო. სამასზე მეტი წელი გავიდა მას შემდეგ და ღმერთი აღარ ისმენს ჩვენს ვედრებას, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის კაცი ზეცით იყო მოსული. 
ამის შემდეგ აბიათარი წმიდა ნინოსგან გამოეძიებდა, ვინ იყო ქრისტე და რისთვის განკაცდა. წმიდანმა ყველაფერი მოუთხრო და განუმარტა ძველი და ახალი სჯულიდან. მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, წმიდანს დაემოწაფა და ქრისტიანობის მხურვალე მქადაგებელი გახდა. 
წმიდა ნინო მცხეთაში მოსვლისთანავე ეძებდა მაცხოვრის კვართს. აბიათარმა მას წინაპართაგან გადმოცემული ამბავი მოუთხრო: როდესაც ებრაელები უფალ იესო ქრისტეს წინააღმდეგ აღიძრნენ, თვისტომთ ყოველი მხრიდან მოუწოდეს. მცხეთის მკვიდრ ებრაელებს იერუსალიმიდან მოწერეს: „იმ კაცისაგან, რომელსაც იესო ჰქვია, განქარდა მოსეს სჯული, დაირღვა ჩვენი ყოველი წესი და ლამის მთელი ქვეყანა მას შეუდგეს. მოდით და შეგვეწიეთ, კაცნო ბრძენნო და სჯულისმეცნიერნო და აღვასრულოთ მცნება ღვთისა და მოსესი". ებრაელებმა სამღვდელო ტომის შთამომავალი ელიოზ მღვდელი და ლონგინოზ კარსნელი გააგზავნეს იერუსალიმში. 
მოხუცებულმა დედამ წასვლის წინ ამცნო ელიოზს, რომ არ მიეღო მონაწილეობა მართალი კაცის სიკვდილში, რამეთუ იგი წინასწარმეტყველთაგან მოსწავებული მესიაა, ხოლო მისი ღვთისმოშიში და - ქალწული სიდონია შეევედრა ელიოზს, მისთვის იესოს ხელშენახები რაიმე ნივთი ჩამოეტანა. 
როდესაც ებრაელებმა მაცხოვრის ჯვარცმა გადაწყვიტეს, ელიოზი და ლონგინოზი არ ეზიარნენ მათ განზრახვას. ისინი ჯვარცმის შორიახლოს იდგნენ.მცხეთაში დაბრუნებულმა ელიოზმა შეიტყო, რომ იმ დროს, როდესაც გოლგოთაზე მცხოვრის წმიდა ხელები ჯვარს მიამსჭვალეს, სულიწმიდით აღძრულმა ელიოზის დედამ ხმამაღლა დაიძახა: ამიერიდან მშვიდობით, მეუფებაო ურიათაო, რამეთუ განხორციელებული ღმერთი მოაკვდინეთო - და ამ სიტყვებით მიიცვალა. 
მაცხოვრის ჯვარზე ვნების შემდგომ უფლის კვართი მცხეთელებს ხვდათ წილად. იერუსალიმიდან წამოსულმა ელიოზმა თან წამოიღო უფლის კვართი. მცხეთაში მოსულს ქალწული სიდონია მიეგება. ძმას გამოართვა მაცხოვრის კვართი, გულში ჩაიკრა და მყის სული განუტევა.მცხეთელები შეშფოთდნენ ამ უცხო სასწაულის ხილვით. ელიოზმა შიშით და ძრწოლით კვართიანად დაკრძალა საყვარელი და, რადგანაც ვერ შეძლეს მის ხელთაგან უფლის სამოსლის გამოღება. 
სწორედ მაცხოვრის კვართზე იყო ამოსული ის მშვენიერი კვიპაროსი, რომლის მოჭრაც ბრძანა მირიანმა.მოკვეთილმა ხემ გამოუთქმელი სურნელება გამოსცა. მისგან სვეტი შეამზადეს და როდესაც აღმართვა დააპირეს, ვერაფრით ვერ დაძრეს ადგილიდან, რამეთუ საღმრთო ძალა აჩერებდა მათ. ამასობაში დაღამდა და ამ საოცრებით გაკვირვებული და შეწუხებული მეფე და ხალხი სახლებში წავიდა. 
იმ ღამეს წმიდა ნინო თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად სვეტის მახლობლად ლოცულობდა. შუაღამისას კაცთა მოდგმის მტერმა,დასაბრკოლებლად მათ ამგვარი ჩვენება მოუვლინა: თითქოს ჩამოირღვა არმაზისა და ზადენის მთები, რომელთაც მტკვრისა და არაგვის დინება შეაჩერეს. დაგუბებულმა მტკვარმა ნაპირებიდან გადმოხეთქა და ქალაქი წალეკა. ატყდა გრგვინვა და საშინელი გოდებისა და ვაების ხმები გაისმა. შეშინებულმა დედებმა გაქცევა დააპირეს. წმიდა ნინომ შეაჩერა ბოროტის მზაკვრებით მოტყუებულნი და უთხრა: „ნუ გეშინიათ, დებო, მთები იქვე დგანან და წყალნიც იქვე დიან; მთების ჩამოქცევა ნიშანია იმისა, რომ ურწმუნოების მთები დაირღვევა ქართლში, წყლის შეჩერება - ეშმაკთა მიმართ შეწირულ ყრმათა სისხლის შეწყვეტისა, ვაების ხმები - ეშმაკთა გოდებაა, რომელნიც ჯვრის ძალით აქედან განდევნილნი თავის თავს იგლოვენ. დაბრუნდით და ილოცეთ". მეყვსეულად ჩაცხრა ხმები და ყველაფერი გაქრა. წმიდა ნინო ხელაღპყრობით ლოცულობდა და ღმერთს ევედრებოდა, არ დაბრკოლებულიყო საქმე სარწმუნოებისა, რასაც წადიერებით შეუდგა მეფე და ერი. 
ცისკრის ჟამს ღამის ჩვენებებით გადაღლილ დედებს ჩაეძინათ. მხოლოდ წმიდა ნინო და სიდონია იყვნენ მღვიძარედ და ლოცულობდნენ. ამ დროს წმიდანთან ნათლითმოსილი ჭაბუკი მივიდა და სამი სიტყვა უთხრა. წმიდა ნინო მიწაზე დავარდა; ჭაბუკმა ხელი მოჰკიდა სვეტს და მაღლა წაიღო. მალე სვეტი ცეცხლივით დაეშვა, ჰაერში ორი კაცის სიმაღლეზე შეჩერდა და ბრწყინვალებასა და საოცარ სურნელს გამოსცემდა. 
გამთენიისას სვეტის ვერშეძვრით დაღონებული მეფე ბაღში მიმოდიოდა. დაწყებულ ეკლესიას თვალი შეავლო და იხილა, რომ ნათელი ელვასავით აღიწეოდა ცამდე. მთელი ქალაქი შეიკრიბა ამ სასწაულის სანახავად. მირონმდინარე ნათლის სვეტი ნელ-ნელა ქვემოთ დაეშვა და ხელშეუხებლად თავისსავე ძირს დაემყარა. შიშითა და სიხარულით აღვსილი მეფე და ერი ნინოს ღმერთს ადიდებდა. 
სვეტიცხოვლის მიერ ურიცხვი სასწაული აღესრულებოდა.ეკლესიათა დასრულების შემდეგ, წმიდა ნინოს ბრძა-ნებით, მეფე მირიანმა საბერძნეთში მოციქულები გააგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან და მოძღვარნი და ღვთისმსახურების მასწავლელნი ითხოვა. იმპერატორმა კონსტანტინემ ისინი სიყვარულითა და დიდი პატივით მიიღო და საქართველოში ნიკეის კრების მონაწილე, მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველი - ანტიოქიის პატრიარქი ევსტათი მიავლინა. 
მირიანის ბრძანებით სამეფოს მკვიდრნი მცხეთას შემოიკრიბნენ. მოამზადეს სანათლო, სადაც წმიდა ნინომ ჯვარი აღმართა და პატრიარქის ხელით მეფე-დედოფალი, დიდებულნი და უამრავი წარმართი მოინათლა. პატრიარქმა ეკლესიები აკურთხა. მთავარეპისკოპოსად იოანეს დაასხა ხელი; აკურთხა მღვდელ-დიაკონნი და მეფე და ერი საღმრთო სწავლებით განამშვენა. 
წმიდა ნინო არაგვის გადაღმა, მცხეთის პირისპირ მდგომარე მთაზე ავიდა და ღამეებს ლოცვაში ათევდა. მისი ლოცვით კლდის ძირას სასწაულებრივი წყარო აღმოცენდა, რომელსაც კურნების ძალა ჰქონდა. 
ერთხელ მირიანმა წმიდა ნინოს უთხრა: „მნებავს ჩემი სიძე პეროზი და მთიულნი მახვილით მოვაქციო"... მან მიუგო: „უფლისგან ნაბრძანები არაა მახვილის აღება; სახარებითა და პატიოსანი ჯვრით ვუჩვენოთ მათ ჭეშმარიტი გზა".წმიდა ნინომ მთიულეთში, ერწო-თიანეთსა და კახეთში იქადაგა ქრისტეს სარწმუნოება. ხალხმა შემუსრა კერპები და მოინათლა.და, ბოლოს, უფალი მიუძღვა მისთვის განმზადებულ ადგილზე - კუხეთის დაბა „ბოდისში", სადაც დაასრულა მოციქულებრივი მოღვაწეობა. აქ მისი ქადაგებით მოინათლა დედოფალი სუჯი, მისი მთავრები, მხედრები და მონა-მხევალნი. 
სრულყო რა ქადაგება ჭეშმარიტებისა, ღვაწლით დამაშვრალ დედა ნინოს სულიწმიდისგან ეუწყა, რომ ამა სოფელს დატოვებდა. მან მირიანთან წერილი გაატანა დედოფალ სუჯის, რომელშიც ლოცავს მეფესა და ერს და ატყობინებს, რომ ქრისტეს სახარება ყველამ შეიწყნარა, შემუსრეს კერპები და წმიდა სამების სახელით მოინათლნენ. მეფეს მოუწოდა, რომ მტკიცედ დაეცვა სარწმუნოება და წმიდა ნათლისღების ბეჭედი. შემდეგ ითხოვს, რომ მასთან იოანე ეპისკოპოსი გააგზავნოს - რათა წარმგზავნოს და საუკუნო საგზალი მომცესო.მირიანმა ცრემლებით დაალტო წმიდა ნინოს წერილი. მეფე-დედოფალი უამრავი ხალხით წავიდა ბოდბეში. იქ ჩასულთ მოიკითხეს წმიდანი და მისგან კურთხევა აიღეს. ეპისკოპოსმა იოანემ წირვა აღასრულა და წმიდა ნინო ქრისტეს განმაცხოველებელ სისხლსა და ხორცს აზიარა, რომელიც წაიღო საუკუნო საგზლად და უფალს შეჰვედრა სული. „ტალანტთა სიმრავლით წარმოუდგა წმიდა სამებას და პატიოსან ძღვნად სულიწმიდით შობილი ერი მიართვა". 
მეფემ მთავარეპისკოპოსსა და მთავრებთან ერთად წმიდა ნინოს სვეტიცხოველში დაკრძალვა გადაწყვიტა, მაგრამ ორასმა კაცმა ადგილიდანაც ვერ დაძრა მისი სარეცელი. მირიანმა გულისხმაჰყო, რომ სწორედ ეს იყო მის განსასვენებლად ღვთისგან მოსწავებული ადგილი და დიდი პატივითა და დიდებით იქვე დაკრძალა.წმიდანის საფლავზე მეფემ მშვენიერი ტაძარი ააგო და საეპისკოპოსოდ განაჩინა.


წმიდა ნინოს საფლავთან ურიცხვი სასწაულები აღესრულებოდა და დღესაც სულიერად დაკნინებულსა და დაუძლურებულ ერს მანვე უნდა აღმოუცენოს ცხოველი წყარო კურნებისა და შემუსროს ურწმუნოების კერპები.


 
HTML-ლინკი სიახლეზე
BB-კოდი სიახლეზე
პირდაპირი ლინკი სიახლეზე უცოზ სკრიპტები!!!

 

        
კატეგორია: †წმინდანთა ცხოვრება† | ნანახია: 970 | დაამატა: fabri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

 

 Website builder - uCoz